• პოპული
  • ნატალი

წესები

“ვარსკვლავების აკადემია-2” წარმატებული პირველი სეზონის გაგრძელებაა. ეს უნიკალური ფორმატი აერთიანებს ორ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო ბრენდს - რეალურ შოუსა და საკონცერტო სანახაობას.

14 ახალგაზრდა მომღერალი გადის რთულ, დინამიურ, საინტერესო და დაბრკოლებებით აღსავსე გზას, რათა მიაღწიოს წარმატებას მუსიკალურ კარიერაში და ნამდვილ ვარსკვლავად იქცეს. ეს არ არის შოუ, რომელიც მთელ ყურადღებას მხოლოდ კონკურსანტის ვოკალურ ნიჭზე ამახვილებს. “ვარსკვლავების აკადემიაში” მთავარია ის, რაც ნამდვილ შოუბიზნესში ხდება. ახალბედა შემსრულებელმა უნდა შექმნას არა მარტო წარმატებული საკონცერტო ნომერი და ჰიტი, და დაიმსახუროს კრიტიკოსებისა და ჟიურის მოწონება, არამედ უნდა მიაღწიოს ნამდვილ კომერციულ წარმატებას.

“ვარსკვლავების აკადემიაში” თქვენ ვერ ნახავთ მიკროფონთან გაშეშებულ, უხერხულად მდგარ მომღერალს. აქ თქვენ იხილავთ დასრულებული სახის მუსიკალურ ნომერს, რომელიც მოიცავს როგორც ვოკალურ, ასევე კომპლექსურ ქორეოგრაფიულ და სხვა კომერციული სანახაობების ელემენტებს.

14 კონკურსანტი “ვარსკვლავების აკადემიის” სახლში ცხოვრობს. რეპეტიციებსაც იქვე განლაგებულ სტუდიებში გადიან. სამი თვის განმავლობაში თქვენ თვალს ადევნებთ ახალგაზრდა მომღერლების სცენის მიღმა ცხოვრებას, რთული და ინტენსიური რეპეტიციების და მეცადინეობების ყველაზე საინტერესო დეტალებს, მოწმენი ხდებით იმისა, თუ როგორ იხვეწება ესა თუ ის კონკურსანტი პროფესიული განვითარების გზაზე.

24 საათის განმავლობაში სამი თვის მანძილზე ახალგაზრდა მომღერლები ერთ სივრცეში მუშაობენ და ცხოვრობენ, ამიტომ მათ პირად ცხოვრებასაც ვერ გავექცევით, ასე რომ, მაყურებელი შესაძლოა მათი მეგობრული, კონკურენტული და ხანდახან ინტრიგებით აღსავსე ურთიერთობების თვითმხილველიც გახდეს.

ყოველდღე, ორშაბათის გარდა, ეთერში გავა “ვარსკვლავების აკადემიის” 35/40 წუთიანი დამონტაჟებული სერია, რომელიც რეალური შოუს ჟანრში მომზადდება და კონკურსანტების პროფესიულ და პირად ცხოვრებას ასახავს. სერიები იქნება დინამიური და მათში კონკურსანტების ყოველდღიური ცხოვრების მხოლოდ ყველაზე საინტერესო მომენტები შევა. დღის განმავლობაში თქვენ “რუსთავი2”-ის ეთერში პირდაპირი ჩართვებიც გელით სტუდენტების ბინიდან.

მაყურებელს აკადემიის სტუდენტები საკონცერტო სანახაობას ყოველ ორშაბათს შესთავაზებენ. 90 წუთიან გალა-კონცერტზე მონაწილეები დასრულებულ და სანახაობრივ მუსიკალურ ნომრებს პირდაპირ ეთერში წარადგენენ.

ამ კონცერტზე შესრულებული ნომრების საფუძველზე ჟიური ყოველკვირეულად ირჩევს აკადემიიდან გარიცხვის 4 კანდიტატს, რომელთაგან ერთის გადარჩენის უფლება პედაგოგებს, და კიდევ ერთის - თავად კონკურსანტებს აქვთ. აკადემიიდან გარიცხვის ორი დარჩენილი კანდიდატიდან საუკეთესოს მაყურებელი ირჩევს, მთელი კვირის განმავლობაში შესაბამის ნომერზე დარეკვით და ეს-ემ-ესების გამოგზავნით.

14 კვირის განმავლობაში “ვარსკვლავების აკადემიაში” მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესონი დარჩებიან.

პროექტს გრანდიოზული ფინალური კონცერტი დაასრულებს, რომელზეც შოუს ყველაზე დიდი ვარსკვლავი გამოვლინდება.